მიზანი ამართლებს შეცდომებს და არა საშუალებას. თუ სწორად ცხოვრობ, შეცდომები გმატებს მიზანს, თუ სწორად ისახავ მას, ამართლებ საშუალებებს. მთავარია რას გააკეთებ, და არა როგორ!!…
რა თქმა უნდა არ გაგამტყუნებთ თუ შემედავებით, რადგან ყოველთვის და ყველაფერთან ამ დამოკიდებულებამ შეიძლება დამღუპველი შედეგები მოიტანოს, თუმცა აქვე გეტყვით, ეს ზოგადად… დანარჩენი კი პრინციპებიდან გამომდინარე.
“თუ თქვენ 15 წუთია თამაშობთ პოკერს და ჯერ კიდევ არ იცით ვინ იგებს, ესეიგი თქვენ წააგეთ”. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა დროულად მიხვდე ღირს თუ არა გააგრძელო სვლა მაშინ, როცა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვს…
ფილოსოფიური შეტევა… კიდევ კარგი, არაფერი მშრალი, უბრალოდ განზოგადებული რეალობა. მიხარია რომ არ ვეცემი, მიხარია, რომ ყოველთვის ვაგრძელებ სიარულს და თითოეული ბილიკი სულ ცოტათი მაინც მაშორებს საწყისი წერტილიდან…
People run in Circles.. It’s a very, very mad world.
მყავდა ერთი მეგობარი, ასაკით ჩემზე ბევრად უფროსი, ქალი, რომელმაც დამანახა, რას ნიშნავს გქონდეს მიზანი, როგორ შეიძლება არაფრისგან ყველაფერი მიიღო, რას ნიშნავს დააფასო თუნდაც ის მცირე, რაც გაქვს და ამ დაფასების მიუხედავად არ მოდუნდე, არ შეწყვიტო ბრძოლა შენი მიზნებისათვის… იმ დროს, როდესაც ამ ქალთან ვურთირთობდი ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, რომ მისი ცხოვრება დამენახა ამ კუთხით.
ერთმანეთს სრულიად შემთხვევით დავუახლოვდით. მიზეზი – ორივეს გვიყვარდა Bob Marley-ს მუსიკა, რეგი, კვამლით სავსე ოთახი და ცხოვრების შესუნთქვა. დიახ, ჩვენ ცხოვრებას ვეწეოდით… ვეწეოდით ყველანაირი გაგებით.
რაღაცით მართლა ვგავდით ერთმანეთს, მაგრამ ამავდროულად ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან.
ის შავკანიანი იყო, მე თეთრი. ის Bob Marley-ს კონცერტზე იყო ნამყოფი – მე არა. მას უყვარდა დილის ახლადდაბეჭდილი გაზეთების კითხვა – მე საერთოდ არ ვკითხულობდი გაზეთებს.
თუმცა ორივეს გვიყვარდა სიცილი მოწყენილობის დროსაც კი. ორივეს გვიყვარდა სიტყვა RESPECT და ფრაზა “Never Give Up”. ორივეს გვქონდა მიზნები და იყო ჩვენში რაღაც მამაკაცური ( : )) )
ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამ ქალზე, ჩემზე, მიზნებზე… და მაინც არ დამიწერია ის, თუ როგორ შემაყვარა მიზნები და ოცნებები.
მოხდა ისე, რომ ჩემი Rasta მეგობარი სამსახურის გარეშე დარჩა. ფაბრიკაში, სადაც ის მუშაობდა კადრები შეამცირეს. ახალ სამსახურს ვერ შოულობდა და უწევდა ქმრის ხარჯზე ცხოვრება (ეს საქართველოსგან განსხვავებით იქ ოდნავ უფრო უხერხული იყო). იჯდა მთელი დღე ოთახში, უსმენდა მუსიკას, კითხულობდა გაზეთებს და ძალიან, ძალიან ეზიზღებოდა ჯორჯ ბუში.
ერთ დღეს, მან როგორც ყოველთვის, წაიკითხა ყველა სტატია იმ დღის გაზეთში და გვერდით გადადო. რაღაც განსხვავებული დღე იყო, რადგან გრძნობდა დემოკრატების პოზიციების გამყარებას და ბედნიერი სახით უყურებდა გვერდით გადადებულ გაზეთს. უცებ, გონებაში გენიალურმა აზრმა გაუელვა და ეს აზრი არც პოლიტიკასთან და არც ყოველდღიურ ქრონიკებთან იყო კავშირში…
“მე ამ გაზეთისგან გავაკეთებ ჩანთას” თან წარმოიდგინა როგორ მოუხდებოდა ეს სასიამოვნო სტატია ჩანთის წინა მხარეს. და მართლაც, მან გააკეთა თავისი პირველი ჩანთა, რომლის წინა მხარესაც სტატია იუწყებოდა ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას.
ასე დაიწყო მისი შემოქმედებითი ცხოვრება, სულ რაღაც სამ თვეში მან უახლესი ისტორიის სიახლეებით დამშვენებული ჩანთების კოლექცია შეაგროვა და მათი გამოფენაც მოაწყო…
ორი კვირის შემდეგ, მისი ჩანთებით დიდი მაღაზია დაინტერესდა და კუთხეც დაუთმეს. დაახლოებით ერთ წელიწადში მისი შემოსავალი 4,8-ჯერ აღემატებოდა მეუღლისას (თვითონ მითხრა ეს და თან დიდი სიამაყით… არ დაეზარა გამოთვლა: )) )
აი ასე, უბრალოდ, მან არაფრისგან შექმნა ყველაფერი რაც აკლდა.
დღეს, ეს ადამიანი ისტორიკოს-დიზაინერთა იშვიათ ჩამონათვალში ერთერთია, მისი შექმნილი ნივთები ისტორიულ ფაქტებს ატარებენ თან. მას აქვს კარგი შემოსავალი და იდეების ზღვა, რომლებსაც ეტაპობრივად ახორციელებს. ისევ უყვარს გაზეთების კითხვა და ამჯერად ბარაკ ობამაც, პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.
ბოლო საუბრისას მითხრა – “არასოდეს დავივიწყებ იმ დროს, როცა ჩემი ქმარი დღიდან-დღემდე შრომობდა, ჩემთვის კი არც ერთხელ არ უთქვამს საყვედური, ის ღვთაებრივია”
P.S ყველაფერი შესაძლებელია, უბრალოდ დაუჯერეთ საკუთარ თავს!
(NO PICS, NO VOICE, NO DRAMA… NO WOMAN NO CRY)
უკანასკნელი კომენტარები